კიევ-პეჩორის მართლმადიდებლურ ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 11-საუკუნოვანი ტაძრის წინამძღვრები პანდემიის მიუხედავად, უარს ამბობდნენ დაეცვათ სოციალური დისტანცირების რეგულაცია და საკუთარ მრევლსაც მოუწოდებდნენ არ დაეცვათ მიმოსვლის შეზღუდვის წესები.
სააგენტო “როიტერის” ცნობით, ლავრაში ინფიცირებულია 26 ადამიანი. დღეს გამართულ ბრიფინგზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ მონასტერში მართლაც 26 ადამიანია ინფიცირებული. კლიჩკოს თქმით, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, თუ კიდევ რამდენ ადამიანს გადაედო ვირუსი.
ლავრის წარმომადგენლებს კომენტარი ინფიცირებულების რაოდენობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ. უკრაინულ მედიაში გავრცელდა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ მონასტრის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პაველიც ინფიცირებულია. ამასთან დაკავშირებით მონასტერი აცხადებს, რომ მიტროპოლიტი “ჯანმრთელობას არ უჩივის”.
უკრაინაში კოვიდ-19-ის გამო უკვე 57 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ამ დროისთვის ქვეყანაში 1 892 ინფიცირებულია. აქედან 430 კიევში და მის შემოგარენში ცხოვრობს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობამ ქვეყანაში რეგულაციები გაამკაცრა. უკრაინაში ნიღბების ტარება უკვე სავალდებულო გახდა. ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ადასტურებს, რომ უკრაინის მოსახლეობის 70% მიღებულ ზომებს ემხრობა. აღდგომაზე ეკლესიაში წასვლას გამოკითხულ მოქალაქეთა მხოლოდ 3 პროცენტი გეგმავს.