“ერთმორწმუნე მტერი” კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია – მეუფე მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქვეყნის ოკუპაციაზე საუბრობს.

,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი “საქართველო”- “საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა, დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!”

სამწუხაროდ, რუსულმა ოკუპაციამ დიდხანს არ გვაცალა ამ განძით ტკბობა და 1921 წელს, ისევე წაგვართვა იგი, როგორც დედას სტაცებენ ხოლმე ჩვილ ბავშვს. 70 წელი დაგვჭირდა, რომ ჩვენს მშობლიურ წიაღს, ჩვენს დამოუკიდებლობას დავბრუნებოდით. თუმცა, ეს დაბრუნებაც არ გამოდგა სტატიკური მოვლენა, ჩვენს შემთხვევაში, იგი ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლას ნიშნავდა, იმ ბრძოლისა, რომელსაც უკვე 30 წელია ვაწარმოებთ, რათა დაბრუნებული დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ და მომავალ თაობას გადავცეთ”,- აცხადებს მეუფე.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები რუსული რბილი ძალის, პროპაგანდის შედეგია.

,,დღეს, “რბილი ძალის” გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა. აქტიურად ვრცელდება ე.წ. “ნეიტრალიტეტის” მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი “ნეიტრალიტეტი” აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას”,- აღნიშნავს მიტროპოლიტი.

მეუფე მიტროპოლიტი ასევე ამბობს, რომ “ერთმორწმუნე მტრის” გავლებული მავთულხლართების გამო ქართველებს საკუთარი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებას უშლიან.

,,ყოველი წლის 26 მაისს, განსაკუთრებული ტკივილით მახსენდება, რომ “ერთმორწმუნე მტერი” კვლავაც ოკუპაციის მომაკვდინებელ ცოდვაშია და მის, მიერ ჩვენს ქვეყანაში გავლებული მავთულხლართები, ჩვენი სახლის ერთი კუთხიდან მეორეში გადაადგილებაში გვიშლიან ხელს, მაგრამ მგონია, რომ სხვა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ესაა არა ტერიტორიის, არამედ გონებისა და გრძნობების ოკუპაცია. დიახ, ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე”,- თქვა მეუფე მელქისედეკმა.

მიტროპოლიტის აზრით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების გარეშე გამოწვევების გადალახვა გაუჭირდებოდა, ამიტომ მათ მიმართ მადლიერება გვმართებს.