28 მეტრის სიღრმეზე ჭაში ჩავარდნილი ბიჭი მაშველებმა გადაარჩინეს

მაშველებმა და მოხალისეებმა რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ მიაღწიეს ხუთი წლის ბიჭამდე, რომელიც მაროკოს ქალაქ ტარმუტში ღრმა, წვრილ ჭაში ჩავარდა. ბავშვი  სახელად რაიანი ცოცხალია, თუმცა თავზე დაზიანებები აქვს.

სამაშველო ოპერაციას ართულებდა არამყარი ნიადაგი და მრავალი ჩამონაშალი სამაშველო სამუშაოებისას, რომელიც წუხელ მთელი ღამე გრძელდებოდა. პარასკევს საღამოს მაშველთა ბრიგადამ განაცხადა, რომ სულ სამი მეტრის მანძილი დარჩათ რაიანამდე. შაბათს დღისით კი ამბობდნენ, რომ მიზნამდე მეტრზე ნაკლები დარჩა.

რაიანის გადარჩენამდე ცოტა ხნით ადრე მაშველების ხელმძღვანელი, აბდელხადი ტამრანი აცხადებდა, რომ ჭაში ჩაშვებული კამერის კადრებიდან გაუგებარი დარჩა, რა მდგომარეობაში იყო ხუთი წლის ბიჭი – ის უბრალოდ გვერდულად იწვა. მაშველები იმედს გამოთქვამდნენ, რომ მის ცოცხლად ამოყვანას შეძლებდნენ.

ეჭვები იმის შესახებ, ცოცხალი იყო თუ არა ბიჭი მთელ ოპერაციას თან სდევდა. ბავშვის გადარჩენამდე რამდენიმე საათით ადრე ჭაში ჟანგბადის ნიღაბი, საკვები და წყალი ჩაუშვეს, თუმცა გაუგებარი დარჩა, გამოიყენა თუ არა ისინი ბავშვმა.

გადარჩენის ოპერაციის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.

ბავშვამდე მისაღწევად მაშველებმა ჭის პარალელური გვირაბი გათხარეს, შემდეგ კი მასთან დამაკავშირებელი სამმეტრიანი გადასასვლელი. ოპერაცია სამშაბათს საღამოდან მიმდინარეობდა. პარასკევს საღამოს ოპერაციის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ სამი დღის მანძილზე შეუჩერებლად მუშაობდნენ და უკვე მიზანთან ახლოს იყვნენ.

პარალელური გვირაბი იმის გამო გათხარეს, რომ ჭა, სადაც ბავშვი ჩავარდა მეტისმეტად ვიწრო იყო, 28 მეტრის სიღრმეზე კი, სადაც ის იმყოფებოდა, კიდევ უფრო ვიწროვდებოდა. იმის გამო, რომ ამ რაიონში ნიადაგი ქვა–ქვიშიანია, მაშველებმა თავად ჭის ღრმულის გაფართოება არ გარისკეს.

პატარა რაიანის გადარჩენის ოპერაციას მთელი ქვეყანა ადევნებდა თვალს. მაშველების ინფორმაციით ხუთშაბათს მათ შეძლეს თოკის საშუალებით ჭის ფსკერზე ჟანგბადი და წყალი ჩაეშვათ. წითელი ჯვრის მოხალისემ კი ადგილობრივ მედიას უამბო, რომ ის ბავშვს დაელაპარაკა და ბავშვმა უპასუხა, ერთი წუთი ელოდებოდა და დაინახა, რომ ბავშვმა ჟანგბადი გამოიყენა.

შემდეგ მაშველებმა ჭის ფსკერზე კამერა ჩაუშვეს, რათა ბიჭისთვის თვალყური ედევნებინათ. მიუხედავად დიდი სიმაღლიდან ვარდნისა, ვიდეოჩანაწერში ჩანდა, რომ ბავშვი გონებაზე იყო, თუმცა თავზე ტრავმები ქონდა.

სამაშველო სამუშაოები დღე და ღამე, უწყვეტად მიმდინარეობდა.  ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელებში ბიჭს გულშემატკივრობდა. გაჩნდა  #SaveRayan, რომელიც მარკოში ტვიტერის ტრენდების სათავეში მოექცა. რაიანის მხარდამჭერი პოსტი დადო ცნობილმა ალჟირელმა ფეხბურთელმა, რიად მარეზმა.

რიანისადმი სოლიდარობას მიუძღვნა შაბათის გადაცემა პოპულარულმა მაროკოელმა წამყვანმა რაშიდ ალალიმ.

სავარაუდოდ ბავშვი ჭაში მაშინ ჩავარდა, როცა მის სიახლოვეს თამაშობდა. რაიანის მამამ ადგილობივ მედიას უთხრა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა ბავშვს, რის შემდეგაც მიხვდა, რომ ის მიწისქვეშ იყო.

“ღმერთს ვთხოვ, რომ ამ ჭიდან უვნებელი ამოვიდეს. ღმერთ, შეუმსუბუქე მას ტანჯვა ამ საშინელ ჯურღმულში“– ამბობდა ბავშვის დედა, ვასიმა ჰარშიში ადგილობრივ ტელეარხთან საუბრისას.