3 ახალი პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ერთი 6 წლის ბავშვია – ბოჭორიშვილის კლინიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 3 ახალი პაციენტიდან, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ერთი 6 წლის ბავშვია.

მისი თქმით, სამიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის ოჯახის წევრია, დედას და 6 წლის შვილს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ ნაწილში მკურნალობს 51 პაციენტი, აქედან 16-ს დადასტურებული აქვს კოვიდ -19. სამი პაციენტი დაემატა დღეს დადასტურებული დიაგნოზებიდან. ამ სამიდან ერთი არასრულწლოვანია. დედამ და 6 წლის შვილმა თურქეთის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის მაღალი ტემპერატურა, ხველა, გამოიხატება პნევმონიის სურათი, მაგრამ მათი სუბიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის კლასტერს, მათგან ჩვენთან ორი ოჯახის წევრი მკურნალობს. დღეს დადასტურებული შემთხვევა კი არის ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცი,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ კლინიაში 7 არასრულწლოვანი პაციენტი მკურნალობს. საყურადღებოა 2 პაციენტის მდგომარეობა, დანარჩენების – დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 230 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 52 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.