3 ივნისიდან საქართველო-საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

მიმდინარე წლის 3 ივნისიდან, საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.

ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს. ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.