ორშაბათიდან 3 მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა დაინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს და ხელისუფლებამ გადაწყვიტა თანდათანობით მოხსნას შეზღუდვები, რომლებიც 30 მარტს შემოიღო. მუშაობის განახლება შეძლო ნაწილობრივ სამშენებლო სექტორმა.
თუმცა მკაცრი ზომების შემსუბუქებამ საზოგოადოების ნაწილის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. პროფკავშირები და ზოგიერთი პოლიტიკოსი შიშობენ, რომ პანდემიის ხელახალი აფეთქება მოხდება, რომელმაც ესპანეთში 17500 ადამიანი შეიწირა. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეღამეში ქვეყანაში თანდათანობით იკლებს და ორშაბათს 517 შეადგინა. ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსით სულ 170 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 65 გამოჯანმრთელდა.
ესპანეთის მთავრობამ შაბათს დაადგინა წესები იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურში დაბრუნდება კარანტინის და თვითიზოლაციის შემსუბუქებული წესების ფონზე. კომპანიებმა, რომლებიც მუშაობას განაახლებენ თანამშრომლებს თავდაცვის საშუალებები უნდა მიაწოდონ და უნდა უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთისგან 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.
ბრალდებაზე, რომ შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა ნაადრევი იყოს, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ მთლიანობაში კარანტინი და მის დაცვაზე კონტროლში ნარჩუნდება.
კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის მიზნით ხელისუფლებამ შემოწმებები გაამკაცრა და მოსახლეობას დაახლოებით 10 მილიონი დამცავი ნიღაბი დაურიგა, რომელთა ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა. პოლიციელები ნიღბებს მოქალაქეების მეტროს შესასვლელებშიც ურიგებენ. გარკვეული დისტანცია მოქალაქეებს შორის ტრანსპორტშიც უნდა იყოს დაცული. მადრიდის მეტროპოლიტენის მონაცემებით მგზავრების რაოდენობა გასულ ორშაბათთან შედარებით 35%–ით გაიზარდა, თუმცა ეს მაინც 80%–ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.
ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების შენელება იმედის აჩენს ევროპის სხვა ქვეყნებშიც: აპრილის დასაწყისში აქ დღეში 950 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ქვეყანამ მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. განსაკუთრებით დაზარალდნენ სამედიცინო მუშაკები – დაინფიცირებულთა 15%, ანუ დაახლოებით 25 000 ადამიანი მედიცინის მუშაკია.