3 წელი გავიდა და სამართლიანი მართლმსაჯულების მიზანი ვერ მიიღწევა – EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული სპეცოპერაციიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწევა.

EMC-ის თქმით, პროკურატურამ გამოძიება მაშინ შეწყვიტა, როცა პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები და ეჭვები მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან და მათ შორის არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით.

“ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი, რაც გამოძიების სხვა ხარვეზებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის ამ ფორმით არაღიარებასაც ნიშნავდა

ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე, სუს აგრძელებდა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებასა და მათ გასაჯაროვებას პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებითა და კარგად ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიებით. ცხადია, რომ ამ მცდელობების მიზანი თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზება და სუს-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვა და მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ საზოგადოებრივი სოლიდარობის დასუსტება იყო”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

EMC აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმემ პანკისის ხეობაში წლების განმავლობაში მეტწილად რეპრესიასა და დასჯაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა და მისი მძიმე ადამიანური ბუნება გამოავლინა.