გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დათვლილი. როგორც “აი, ფაქტი” წერს, ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. აღმოჩენილია: 93 შესწორების ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს ვერ აბალანსებს და აღმოჩენილია ასევე 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები საერთოდ არ ჯამდება და შესწორების გარეშეა დარჩენილი.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტმა” ოქმები იმ შესწორებების მიხედვით დათვალა, რომელიც დაწერილი იყო 1 ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. მათ მონაცემებში გათვალისწინებული არაა შესწორების ის ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს.
“დავაჯამეთ ყველა საარჩევნო უბნის ოქმი და ვნახეთ, რომ 26 პროცენტი დარღვევითაა შევსებული. ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.
მუშაობის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებდით იმ შესწორებებს, რომელიც დაწერილი იყო 1 ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. არ გავითვალისწინეთ შესწორების ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს. დაწერეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შესწორების გარეშეა დარჩენილი.
როგორც აღმოჩნდა, არითმეტიკა ყველაზე უკეთ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უბნებზე იციან, სადაც ოქმებში დისბალანსის მაჩვენებელი 7%-ა. ყველაზე ცუდად კი საბურთალოზე, რომელიც ოქმებში დისბალანსის მაჩვენებლით ლიდერია – 46%.
რადგან ჩვენ ეჭვიანი ჟურნალისტები ვართ და არავის ვენდობით, ჩვენით გადავამოწმეთ ყველა ოქმი.
ამ ექსელს 12 ადამიანი 3 დღის განმავლობაში ვქმნიდით სრულიად მოხალისეობრივად (მეგობრებისა და ოჯახის წევრების დახმარებით). ექსელში იპოვით დაჯამებულ მაჩვენებლებს თითოეული ოლქის შესახებ. აქვეა დეტალურად ყველა ოლქის შემაჯამებელი ოქმების სრული აღწერა. თითოეული ოქმი დათვლისას 3-4-ჯერ გადავამოწმეთ და შემდეგ დამატებით, როგორც ჩვენს ყველა მასალას ვამოწმებთ ფაქტებზე, ასე გადავთვალეთ კიდევ.”- ნათქვამია “აი, ფაქტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.