თბილისში სამ ადამიანს სალმონელოზი დაუდასტურდა – პაციენტები რესტორან “ორ კათხაში” იმყოფებოდნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სულ ექვსი პაციენტია, მათგან სამს დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
” ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ რესტორანში „ორი კათხა“ (მის: ვიქტორ კუპრაძის ქ.N52), სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი ცეზარი ქათმის ფილეთი.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა – სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება შპს “ლუდსახარში ორი კათხას” (ლუდსახარში, რესტორანი – მის: ვიქტორ კუპრაძის ქ. N52) კუთვნილ სამზარეულოში.
შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით; გამოვლინდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსასწორებლად გაიცა მითითებები გონივრული ვადების გათვალისწინებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები (ხინკლის ფარში, სალათი ,,ცეზარი” ქათმის ხორცით და სალათის ფოთოლი), კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება” – ნათქვამია განცხადებაში.