ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კომენდანტის საათისა და ავტომობილში მხოლოდ სამი მგზავრის ყოფნის შეზღუდვის მოხსნა ადამიანების უფრო მეტ გადაადგილებას წაახალისებს.
,,თუ რატომ კვლავ სამი მგზავრი ავტომობილში და რატომ კომენდანტის საათი – იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და არ გვინდა, ამ ეტაპზე წავახალისოთ ადამიანები და შევამჭიდროვოთ ის არსებული მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს. თუ ჩვენ მოვხსნით ამ შეზღუდვებს, გარკვეულწილად, ვთვლით, რომ იქნება წახალისებული ადამიანების მეტი გადაადგილება და აქედან გამომდინარე, რისკიც მატულობს”, – თქვა მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
გუშინ მთავრობამ 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვები მოხსნა, თუმცა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ აკრძალული დატოვა. ასევე, ძალაში რჩება შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს. 18 მაისიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.
გარდა ამისა, ძალაში დარჩა ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც ადამიანებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ.