”3 წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს დაეხმარა” – რუსული კანონის გამო ფონდმა “სიკეთის რევოლუცია” ფუნქციონირება შეწყვიტა

რუსული კანონის გამო ფონდმა “სიკეთის რევოლუციამ” ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამისი ინფორმაცია, Facebook-ზე გამოქვეყნდა. 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფონდი ძირითადად შემოწირულობებთ არსებობდა, მათ შორის სამი ადამიანი ევროპიდან პერიოდულად რიცხავდა თანხას მის ანგარიშზე.

“მეგობრებო, ფონდი სიკეთის რევოლუცია წყვეტს ფუნქციონირებას. მოგეხსენებათ, რომ „კანონი გამჭვირვალობის შესახებ“ გულისხმობს ან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციას, ან ორგანიზაციის ლიკვიდაციას, თუ მისი დაფინანსების წყაროს 20% უცხოეთიდან არის შემოსული. წინააღნდეგ შემთხვევაში ექვემდებარება ჯარიმას.

ფონდი ძირითადად ჩემი უახლოესი მეგობრების შემოწირულობით არსებობდა. ამათგან 3 მეგობარი ევროპიდან პერიოდულად მირიცხავდა თანხას ფონდის ანგარიშზე. ფონდის შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენდა 1200-2000 ლარს, რაც თვეში 3დან 5 ოჯახამდე დაფინანსების საშუალებას იძლეოდა.

აქვე დავამატებ იმასაც, რომ ფონდი 3 წლის განმავლობაში 400-მდე ოჯახს დაეხმარა მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ენთუზიაზმზე და არანაირი ფინანსური სარგებელი, გარდა შინაგანი დადებითი ემოციური განცდისა, არავის მიუღია. მოკლედ ფონდი მთლიანად მოხალისეობაზე არსებობდა.

ჰო კიდევ, ძალიან გთხოვთ არ არის საჭირო ასეთი კომენტარები: ‘’რატომ დახურე?’’ ‘’შენ რა შუაში იყავი?’’… სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი 3 იურისტს, იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზს და არაერთ კომპეტენტურ ადამიანს ვკითხე რჩევა.

ძალიან მწყდება გული… ის, რაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად გავაკეთეთ, რაც ძალიან გვიყვარდა და გვაბედნიერებდა, ახლა უნდა დავასრულოთ.

ვინმემ არ მითხრას, რომ ამ კანონმა ფიზიკური პირები არ დააზარალა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გადმოვამისამართებ ფონდის ყველა ბენეფიციარს და თქვენ დაეხმარეთ. უკვე ფონდის არცერთი ანგარიში არ მუშაობს.

P.s ფონდის ლიკვიდაციისთვის 208 ლარი გადავიხადე. არადა ამ თანხით ერთ ოჯახს დავეხმარებოდით”. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.