30 წელია ვერ მივაღწიეთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, ვერ გავიმართეთ წელში – ხაზარაძე

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქარველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანამ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწია.

„მე მინდა ჩემი და „ლელოს“ სახელით სრულიად საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე მივულოცო. ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ მებრძოლს, ვინც 26 მაისს, 1918 წელს, თავი შესწირა და დიდი შრომა და ენერგია ჩადო იმისათვის, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, მინდა პატივი მივაგო. ისევე როგორც ჩვენს უახლეს ისტორიაში ამ დამოუკიდებლობის აღდგენის ყველა შემოქმედს და ყველა მონაწილეს მინდა დიდი პატივისცემა დავუდასტურო.

ვფიქრობ, რომ საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ბოლო 30 წელია ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რას ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჰქვია. ჩვენ ვერ დავდექით, ვერ გავიმართეთ წელში. ვფიქრობ, ახალი ტალღაა დასაწყები და ამ ტალღას ჩვენ სათავეში ჩავუდექით. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა, საქართველოს ხერხემალში გასწორება და ერთხელ და სამუდამოდ ქართველი ხალხის, როგორც მართლა გამორჩეული ერის, წელში გამართვა და სახელმწიფოებრიობის შექმნა. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.