ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილებისთვის განსაზღვრული 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდნენ. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარად.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.