„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელი, იურისტი ალიკა კუპრავა აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ბათილი ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა, გაბათილებულია 146 192 ბიულეტენი.
მისივე თქმით, ბათილი ბიულეტინების საერთო რაოდენობის 4,12%, ანუ 81 288 ბიულეტინი მაჟორიტარულია, ხოლო 3,29 %, 64 904 ბიულეტინი – პროპორციული.
„მაშინ, როცა ყველა ხმას, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დიდია კონკურენცია პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, თითოეული გაბათილებული ბიულეტინი შესაძლოა ცვლიდეს არჩევნების საერთო შედეგს. კანონით დასაშვები შემთხვევების გარდა, ბიულეტინების გაბათილებას, შესაძლოა, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიის დაინტერესებულმა წევრებმა, რომლებმაც შეგნებულად, კანონდარღვევით და საფუძვლის გარეშე, შეიძლება გააბათილონ მათთვის მიუღებელი საარჩევნო სუბიექტის ბიულეტინები, რაც ავტომატურად მათთვის მისაღები პოლიტიკური სუბიექტისთვის უკეთეს შედეგს ნიშნავს“, – განაცხადა კუპრავამ.
მისივე აზრით, არჩევნებზე საუბნო კომისიების მხრიდან ბიულეტინების გაბათილება, შესაძლოა, იყოს შეგნებული ნაბიჯი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაკეთდა.