4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს ერთობლივ წერილს უგზავნის სადაც “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს. ამის შესახებ, 4 კოალიციის ერთობლივ ბრიფინგზე კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. მათი თქმით, მისიამ უნდა გამოიკვლიოს ის კანონდარღვევები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო საარჩევნო პროცესს უკავშირდება და ასევე, ის ძალადობრივი ფაქტები, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა.
“ჩვენ, ევროპული კოალიცია, ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამისთვის ჩვენ, როგორც იცით ერთობლივად მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციებიც უკვე ასახული არის ევროკომისიის დასკვნაში.
დღეს ჩვენ ვმუშაობთ და დავასრულეთ ერთობლივი წერილი, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს და ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც პირველs გამოყენებულ იქნა 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც იმ კანონდარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში და მეორე, ასევე, შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს. წერილს თან ახლავს “საიას” რეპორტი, სადაც წვრილად არის ახსნილი ის ძალადობა, ის ტერორიზმი, რომელიც ივანიშვილმა მოუწყო საკუთარ მოსახლეობას, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, ისევე როგორც სძულდა სტალინს. შესაბამისად, ამ წერილში ფაქტობრივი მასალა არის წარმოდგენილი, რომელიც სულ მალე, იქნება გაგზავნილი ეუთო/ოდირის მეილებზე.
ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას ამ ერთობლივი მუშაობის შედეგი არის ის, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს უწესდება სანქციები და ჩვენი მომდევნო ბრიფინგის მონაწილე ისაუბრებს სწორედ იმ სანქციებზე, ევროკომისიაზე, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ მიიღეს, თუ რა დავკარგეთ და დრაკონულ კანონებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ, სინამდვილეში რუსულმა ოცნებამ, მიიღო ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ძალაუფლება შესუსტებულია და შიშით მოქმედებს. დღეს ის რასაც ჩადის არის მათი მხრიდან შიშის გამოვლინება” – თქვა პარტია “ახალის” წევრმა, გიორგი ბუთიკაშვილმა.