„მსურს შემდეგი შეთავაზება გავუკეთო სამშენებლო სექტორს – ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთ ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიზანი არის დარგის ხარჯების პარლალეურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო სექტორში კონკურენციის ზრდა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებელზე, ისე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე. 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა ეს მინიმალურია, ვფიქრობ მილიარდ ლარამდე თავისუფლად შეძლებენ კომპანიები ათვისებას.
ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში შესასრულებელი აქვს ძალიან ბევრი პროექტი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე, პოლიციის შენობების რეაბილიტაცია-აშენება, 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ა.შ. თავდაცვას აქვს თავისი პროექტები, ყველას. ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთა ექნებათ ამ სამუშაოებზე და ჩვენ განვადებით, 3-5 წლის განმავლობაში გადავიხდით ამ თანხას. მე ეს იდეა პრაქტიკაში განვახორციელე, როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი. 3 წლის შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შევასრულეთ. იქნებოდა ეს ბაზების მშენებლობა, შესყიდვები.
ჩვენ 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ, მეორე მხრივ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს იქნება 1%-4%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი”