44 წლის წინ გოგონა დაიბადა, მამას უთხრეს რომ ბავშვი დაიღუპა, დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა – ამის შესახებ, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ” დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს.
მუსერიძის თქმით, განჩინების საფუძველზე, გუშინ, 20 თებერვალს საფლავი გაიხსნეს და ცარიელი აღმოჩნდა.
”44 წლის წინ ქუთაისში ხონელიძის სამშობიაროში დაიბადა გოგონა, რომელიც მეორე დღეს შეუყვანეს დედას. წუთით დაინახა. იყო ქერა და ცისფერთვალა.ამ დროს ექთანი ყვირილით გააგდეს ოთახიდან ჩვილთან ერთად.რატო შემოუყვანეთ,ხომ იცოდით რომ ბავშვი არ უნდა ენახაო.დედა გაბრუებული ყავდათ,ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი.მესამე დღეს დაიბარეს მამა და უთხრეს,რომ ბავშვი დაიღუპა. სასახლე მოიტანეთ ღამით და იმ წამსვე დამარხეთო.ასეც მოიქცნენ,გვიან ღამით წამოიღეს დაჭედილი სასახლე და დაკრძალეს.
ერთი წელია ვიბრძვით მასალებისთვის.განჩინების საფუძველზე დღეს გაიხსნა საფლავი, სადაც არაფერი არ დაგვხვდა”- წერს თამუნა მუსერიძე.
ცნობისთვის, თამუნა მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძებნისას აღმოაჩინა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მსხვილი შავი ბაზარი არსებობდა, რის შედეგადაც ათასობით ჩვილის მშობლების მოტყუებითა და არალეგალური გზებით გაშვილება მოხდა. იმისთვის, რათა ადამიანებს დაკარგული ნათესავები მოეძებნათ, მან Facebook-ზე შექმნა ჯგუფი, სახელად “ვეძებ”, რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მუსერიძის ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი.
თამუნა მუსერიძე ასევე, BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.