სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად 46-დან ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების ცნობით, ტესტირება 6 იანვარს ჩატარდა და მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები.
“ინფიცირებულებიდან ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი – N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია”,- ვკითხულობთ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მათმა კონტაქტებმა სწრაფი ანტიგენის ტესტებით უარყოფითი პასუხი მიიღეს.