47 მილიონამდე ლარი ახალი შენობის ასაშენებლად. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად. ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება   46 755 039 ლარია . პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში განთავსდება. ინფორმაციას ტენდერის შესახებ პირველი არხის ვებგვერდი აქვეყნებს.

საქართველოს პირველმა არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.

“ერთი კვირის წინ მივიღეთ მშენებლობის ნებართვა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული და ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ ტენდერი დასრულდება წარმატებით და დავიწყებთ მშენებლობას. გვექნება ახალი, თანამედროვე, დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია“, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე.

პირველი არხის ვებგვერდის ინფორმაციით, ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამინისტროს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. საპროექტო წინადადება ფეისბუქ კენჭისყრით შეირჩა და გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტმა“.

“ კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ, ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სად უნდა გადასულიყო ტელევიზია და როგორ აშენებულიყო ახალი შენობა. თუ ტელევიზია ძველ ადგილზე დარჩებოდა, მაშინ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, რაც მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული – ტელევიზიას უნდა შეეწყვიტა მუშაობა, ამდენი ადამიანი დარჩენილიყო უმუშევარი, ქვეყანა კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი – ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს. საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი. “– აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

პროექტის ფოტოები საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა: