ევროპა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება
ევროპა კარანტინიდან გამოსვლას იწყებს. დანიასა და ნორვეგიაში, სადაც კორონავირუსის ეპიდემია შედარებით სუსტია, ვიდრე მათ სამხრეთელ მეზობლებთან, სკოლები და საბავშვო ბაღები გაიხსნა. მათ მაგალითს მიბაძავს ნიდერლანდები – იქ უკვე მაღაზიების გახსნა დაიწყო, თუმცა კლიენტი არც ისე ბევრია.
საფრანგეთში თვითიზოლაციის რეჟიმი ნარჩუნდება. მისი გაუქმება 11 მაისისთვის არის დაგეგმილი, თუმცა არა ყველასთვის. ხელისუფლება აცხადებს, რომ კაფეები, კინოთეატრები, მუზეუმები განსაკუთრებული განკარგულების შემდეგ გაიხსნება. მსხვილი გასართობი ცენტრები ამუშავებას ივლისზე ადრე ვერ შეძლებენ.
მეზობელ გერმანიაში კი შემზღუდავი ზომები არც ისე მკაცრია. ბევრი საწარმო მუშაობის ძველებულ რეჟიმს დაუბრუნდა, თუმცა ერთი პირობით– ყველა თანამშრომელმა ნიღაბი უნდა ატაროს. ამას დამქირავებლები მკაცრად გააკონტროლებენ.
ყველაზე მეტად კორონავირუსისგან ევროპის სამხრეთი დაზარალდა. იტალიასა და ესპანეთში ათობით ათასი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა რგორც ჩანს ეპიდემიის პიკმა უკვე ჩაიარა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისეთი მაღალი აღარ არის, რაც რამდენიმე კვირის წინ იყო. ესპანეთში პატარა ბავშვების მშობლებს მათთან ერთად ქუჩაში გასეირნების უფლება მისცეს. გასულ კვირას კი ესპანეთში სამსახურს დაუბრუნდა 3 მილიონი ადამიანი. კარანტინის ზომების მოხსნისთვის ემზადება იტალიაც. აქ რამდენიმე დღის წინ წიგნების და საკანცელარიო მაღაზიები გაიხსნა, თუმცა იმ დათქმით, რომ გამყიდველები და მყიდველები ნიღბებში იქნებიან და ერთდროულად პატარა მაღაზიებში ორ კაცზე მეტი არ შევა.
ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს და ის კარანტინის პერიოდში არც გაჩერებულა.
ექსპერტების აზრით ეპიდემიის დასრულების შემდეგაც კორონავირუსი არსად გაქრება და დიდი ალბათობით სეზონური გახდება გრიპის მსგავსად. ამის გამო ყველა მსხვილი ლაბორატორია აქტიურად მუშაობს კოვიდ19–ის ვაქცინის შესამუშავებლად.
ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი ვირუსოლოგი, ენდრიუ პოლარდი ამბობს, რომ მათ უკვე ჰქონდათ სერიოზული ბაზა და ამიტომაც სწრაფად ჩაერთნენ ახალი კორონავირუსის კვლევაში.
“ჩვენ უკვე ბევრი ვიცით მის შესახებ, შესაძლოა მასთან საბრძოლველად შევძლოთ ვაქცინის ტიპის გამოყენება, რომელიც მსგავსი კორონავირუსის – სარსისთვის შევიმუშავეთ, რომელიც აზიაში 2003 წელს გამოჩნდა.“
თუმცა, რამდენი დრო დაჭირდება ახალი ვაქცინის შემუშავებას, ჯერჯერობით რთული სათქმელია. სხვადასხვა პროგნოზებით მას შეიძლება რამდენიმე თვე, ან რამდენიმე წელი დაჭირდეს.