ლელო მთავრობას მიმართავს, რომ გასცეს ინფორმაცია, ვინ მისცა ოთარ ფარცხალაძეს საშვი

“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანა. კოჟორიძე მთავრობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს იმის თაობაზე  თუ რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა ყოფილ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე მანქანით გადაადგილების საშვი.

გარდა ამისა, კოჟორიძე აღნიშნავს, რომ თუ ფარცხალაძეზე საშვი გაცემული არ იყო, მაშინ რა რეაგირება მოჰყვა ინფორმაციის გავრცელებას.

“ჩვენი მთავარი კითხვაა, როგორ მუშაობს სისტემა? [ფარცხალაძეს] აძლევს დარღვევის ასე გატარების საშუალებას თუ სამართლებრივი რეაგირებას ახდენს? და სამართლებრივი რეაგირებას თუ არ ახდენს, თუ სამართალდამცველებმა იციან, რომ ვიღაც არღვევს კანონს და მაინც არანაირი რეაგირება არა აქვთ, მათი მხრიდან შეიძლება ეს იყოს დანაშაული – როგორც მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობა. ამ შემთხვევაში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, რომლებსაც ევალებოდათ ასეთი ტიპის ფაქტებზე რეაგირების მოხდენა და გაუნძრევლად არიან და ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ ამ ამბავს, სავარაუდოდ, თავად ჩადიან დანაშაულს”, – განაცხადა  კახა კოჟორიძემ.

25 აპრილს, როცა ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აკრძალული იყო, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო და ფოტო და აცხადებდა, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ქალაქში მანქანით თავისუფლად გადაადგილდებოდა.