5%-იანი ბარიერი ნამდვილად არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ – კელი დეგნანი

“5%-იანი ბარიერი ნამდვილად არაა გზა მრავალფეროვანი პარლამენტისკენ”- ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი, ”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებას, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის დაწევა და ამაზე კონსტიტუციის ცვლილება საჭირო აღარ არის.

“ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრონციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური რამ საარჩევნო რეფორმისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. 5%-იანი ბარიერის დატოვება ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზიისკენ და მეტი მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში. ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს რაც გასცეს საერთაშორისო ექსპერტებმა და რაზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი. სამწუხარო იქნება, რომ რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური აპრტიების წარმომადგენლები და მათ შორის, მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.