5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ

პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერები და 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები LGBTQ+ მანიფესტაციების კანონით აკრძალვას ითხოვენ. საკანონმდებლო ინიციატივით მათ საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართეს.

5 ივლისის მოძალადეების მტკიცებით  ეს უკავშირდება იმას, რომ “საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი

ბარათში ნათქვამია  რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, “თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”. ასევე ნათქვამია რომ  უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, “თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრეტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას”.

“2013-2021 წლის მოვლენები, როდესაც საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სოციუმში ამ კულტურული და ეთნიკური ღირებულებების სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წარმოადგენს იმ ზღვრის გადაკვეთას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება საჯარო სივრცეში ქცევის ნორმებთან დაკავშირებით აწესებს.

მტკიცეა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით ბავშვების მიერ მსგავსი აქტივობების ხილვა, მოსახლეობისთვის მკვეთრად მიუღებელია, შესაბამისად, აუცილებელია, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესები, რადგან საზოგადოების სიმშვიდისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ღონისძიებები”. – ნათქვამია კანონპროექტის ავტორების განმარტებით ბარათში.