5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე ბრალდების მხარე ჩემს პატიმრობას ითხოვს – თაბაგარი

ფოტო: რადიო თავისუფლება

Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს პოლიციელის გინების საქმეზე ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობას ითხოვს.

“დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე.

ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა. არც კი დავუბარებივარ გამოკითხვაზე ვინმეს”,- წერს თაბაგარი.

მის წინააღმდეგ საქმე 5 ივლისს, პოლიციელისთვის ტელეფონზე გინებისთვის აღიძრა. ამის შესახებ თაბაგარმა Facebook-ზე დაწერა.

“2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო”,- განაცხადა თაბაგარმა.