5 წლის ბავშვთან სექსუალური ქმედების ჩადენის გამო კაცს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა პირს, რომელსაც ბრალად ედება 5 წლის ბავშვთან “სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების” ჩადენა.

“დადასტურდა, რომ დმანისის რაიონის სოფელ მამულოში ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ლ.ა.-ს ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გაუპატიურება) ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა” – აცხადებს საქართველოს პროკურატურა.