5 წლის ბავშვის მკვლელობისთვის უკრაინაში პოლიციელები დააკავეს.საზოგადოებრივი მღელვარება არ ცხრება

უკრაინაში 5 წლის ბიჭის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პოლიციელი დააკავეს და 60 დღით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, კიევის ოლქის პოლიციის უფროსი, დიმიტრი ცენოვი კი თანამდებობიდან გადადგა და მოითხოვა “ყველაზე ცხელ წერტილში“, ანუ დონბასში გაუშვან სამუშაოდ. მან განაცხადა, რომ თავისი ქვეშევრდომების ქმედებებზე პასუხისმგებლობას გრძნობს.
ბავშვის მკვლელობამ უკრაინაში იმდენად ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმაც მოახდინა რეაგირება.
“არანაირი დანდობა. არანაირი მცდელობა ამ საქმის მიჩქმალვისა. ეს ტრაგედია გაკვეთილად უნდა იქცეს“– დაწერა ფეისბუქის გვერდზე ზელენსკიმ.
სამოქალაქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით დაგეგმილი მასობრივი აქციებს მართავენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
31 მაისს პერეიასლავ–ხმელნიცკის საავადმყოფოში მიიყვანეს 5 წლის ბიჭი თავის მძიმე ჭრილობებით.
თავდაპირველად გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბიჭი გაუფრთხილებლობით წაბორძიკდა ასფალტ–ბეტონის საფარზე და ქვას თავი დაარტყა, რის შედეგადაც თავის ტრავმა მიიღო. თითქოს ეს მაშინ მოხდა, როცა ის სახლთან ახლოს სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობდა.
თუმცა მოგვიანებით, როცა ექიმებმა ბიჭის თავში ოპერაციისას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს, პოლიციელებმა “შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერება“ ჩაატარეს და იპოვნეს მასრები და ქილები, რომლებსაც ეჭვმიტანილები მიზანში სროლისთვის იყენებდნენ.
ბავშვი კიევში გადაიყვანეს, სადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდნენ პერეიასლავ–ხმალნიცკის ორი პოლიციელი. მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, გილზები და სხვა იარაღი ამოიღეს.

მოგვიანებით გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მათ ბრალი წაუყენა გაუფრთხილებლობით სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელიც ჩადენილია ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით.

მოგვიანებით პროკურატურამ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გაუფრთხილებლობით დაზიანების მიყენების ნაცვლად განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.
ორშაბათს მკვლელობის ბრალდებით პოლიციის ლეიტენანტი ივან პრიხოდკო და უფროსი სერჟანტი ვლადიმირ პეტროვეცი დააკავეს.
პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ტყვიები, რომლებმაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია პრიხოდკოს იარაღიდან იქნა გასროლილი.
ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბიჭის მკვლელობის წინასწარი განზრახვა ვერ მტკიცდება, ამიტომაც დანაშაულისთვის მკვლელობის კვალიფიკაცია არ უნდა მიენიჭებინათ.
თავად პოლიციელი უარყოფს, რომ ბავშვის მიმართულებით ისროლა.
“მე თვითონ ორი შვილის მამა ვარ, მესმის ეს რა უბედურებაა… გთხოვთ გაერკვიეთ სიტუაციაში. მე ამ მიმართულებით არ მისვრია“– განაცხადა პრიხოდკომ სასამართლოს დარბაზში წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
პეტროვეცის ადვოკატმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე იყო და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მან ერთი გასროლა მაინც განახორციელა.
პროკურატურის ვერსია კი ასეთია: პოლიციელები პარასკევს დღის მეორე ნახევარში ისვენებდნენ, მათ ალკოჰოლი დალიეს და გადაწყვიტეს მიზანში ესროლად. სამიზნედ მეტალის ქილები და სხვადასხვა ნივთები აირჩიეს და ისეთ ადგილზე გაამწკრივეს, რომლის მომიჯნავედ ადამიანები მოძრაობდნენ, და ბავშვები თამაშობდნენ. პეტროვეცი და პრიხოდკო რკინის ქილებს ესროდნენ იმ ადგილის გვერდით, სადაც არასრულწლოვანი პირები თამაშობდნენ. ამ ტერიტორიაზე 5 წლის კირილი მეგობრებთან ერთად თამაშობდა იმ დროს, როცა პოლიციელები მიზანში სროლით ეტყობოდნენ. მათ გამოძიების ინფორმაციით “დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობა გამოიჩინეს და ბავშვს სასიკდილო ჭრილობები მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღიდან“.
იარაღი, რომლითაც 5 წლის კირილი ჯერ აღმოჩენილი არ არის – ამბობს პროკურორი.
ბავშვის ნათესავები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა არ იციან, რომელი მათგანის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა ბავშვს, რადგან მთვრალები იყვნენ.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმეში ორზე მეტი პოლიციელი იყოს გარეული. თუმცა ჯერჯერობით გამოძიებას ამის მტკიცებულებები არ გააჩნია.

გუშინ კიევში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებმა თან მიიტანეს პლაკატები წარწერით – პოლიცია ბავშვებს კლავს. ასევე ყვავილები და საბავშვო სათამაშოები. ისინი შს მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომას და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის საიტზე გამოჩნდა პეტიცია ავაკოვის გადადგომის მოთხოვნით.