50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ დაახლოებით 10 მილიონ ტურისტს ველოდებოდით წელს, 50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს პრაქტიკულად არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის, მათი 1 პროცენტი რომ მაინც დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ სერიოზული გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. მერე რომც შეზღუდვები არ დავაწესოთ, გავრცელების პირობებში ადამიანები თვითშეზღუდვით არიან დაკავებულები, ეკონომიკური აქტივობა ვარდება, ამიტომ რამდენადაც პარადოქსული არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება.
ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ჩვენ საზღვარს არ გავხსნით არავისთან? არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ სიფრთხილით მოვეკიდებით და შევეცდებით, ის ქვეყნები შეირჩეს სწორად, ან ის წესი მიმოსვლის ისეთნაირად დადგინდეს, რომ პირველ რიგში ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური აფეთქება და მეორე რიგში ხელი შევუწყოთ მიმოსვლას. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ პერიოდისთვის ადეკვატური პრინციპია, დარწმუნებული ვარ, შემდგომი ორი თვისთვის ეს ადეკვატური მიდგომაა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.