ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მიერ შემუშავებული კომპიუტერული მოდელირების თანახმად თუ ქვეყანა სერიოზულ პრევენციულ ზომებს არ მიიღებს, შეიძლება კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწიოს. ეს მოდელირება სპეციალისტებმა მთავრობის ინფორმირებისთვის გააკეთეს. ამავე მოდელით 250 000 ადამიანის გარდაცვალებას პროგნოზირებენ იმ შემთხვევაში თუ ბრიტანეთის ხელისუფლება შეკავების სტრატეგიას გამოიყენებს. თუმცა ხელისუფლება ამ სტრატეგიისგან თავს იკავებდა და ეპიდემიის პიკის გადავადების გზას ირჩევდა.
სწორედ ამ მონაცემებმა აიძულა ბრიტანეთის ხელისუფლება ორშაბათს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკაცრი შემზღუდავი ზომები გამოეცხადებინა ადამიანების გადაადგილებაზე. მოსახლეობას ურჩევენ უარი თქვან პაბებში, თეატრებში , კინოებში, კლუბებში სიარულისგან და შეძლებისდაგვარად სახლიდან იმუშაონ.
ამ ზომებმა უკვე გამოიწვია სერიოზული შედეგები ეკონომიკისთვის. ბევრი სამუშაო ადგილი გაქრობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, დაიხურა სკოლები, უქმდება გამოცდები.
თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას უნდა 250 000 ადამიანის დაღუპვა თავიდან აიცილოს, მკაცრი ზომების მიღების გარდა სხვა გზა არ აქვს.
ამჟამად ექიმებს იმედი აქვთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა 20 000–ს არ გადააჭარბებს იმ პირობებში, თუ მიღებული იქნება მკაცრი ზომები ადამიანების იზოლაციისთვის. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა, პატრიკ ვალანსმა განაცხადა.
მისი თქმით ყოველწიურად ბრიტანეთში ჩვეულებრივი გრიპისგან დაახლოებით 8 ათასი ადამიანი იღუპება. ის თვლის, რომ 20 000 გარდაცვილი – ეს კოშმარიული რაოდენობაა. თუმცა ამ ვითარებაში საუკეთესო შედეგი შეიძლება იყოს.
გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს: მაგალითად, გარდაიცვლებოდნენ თუ არა ეს ადამიანები სხვა მიზეზით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ მათ შორის სიკვდილიანობა კორონავირუსის გარეშეც მაღალი იქნებოდა?
ყოველწლიურად ინგლისში და უელსში ბუნებრივი მიზეზებით 500 000–ზე მეტი ადამიანი კვდება. თუ ამ სტატისტიკაში შოტლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიასაც შევიყვანთ, გარდაცვლილთა რიცხვი 600 000–მდე იზრდება.
კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ამ რიცხვს ბევრს ვერაფერს დაამატებს, რადგან შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა ნაწილი ნებისმიერ შემთხვევაში სხვა მიზეზით გარდაიცვლებოდა.
პატრიკ ვალანსმა ეს ფაქტი ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აღიარა, სადაც განაცხადა, რომ კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ისედაც მოსალოდნელი სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაემატება, თუმცა არ დააკონკრეტა ამ მატების მაშტაბები.
ბევრ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ექიმებს დაახლოებით წარმოდგენას აძლევს იმ შემთხვევების შესახებ, როცა კორონავირუსით დაავადებული ამ ინფექციის შედეგად იღეუპება, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რა წილი აქვს მაინცდამაინც კორონავირუსს ამ ადამიანების გარდაცვალებაში.
ბრიტანელი მკვლევარები ამბობენ, რომ რა თქმა უნდა სიტუაციაზე ბევრი სხვა ფაქტორი მოახდენს გავლენას, მაგრამ ცხადია, რომ თუ მკაცრ ზომებს არ მიიღებენ, სიკვდილიანობა ძალიან სწრაფად გაიზრდება.
მოდელირების ავტორები ამბობენ, რომ მკაცრი ზომების გარეშე ბრიტანეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 500 000–ს უკვე აგვისტოსთვის შეიძლება მიაღწიოს.
სიკვდილიანობის ასეთი მაშტაბები სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისთვის შექმნის საფრთხეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ჭირდებათ.