6 იანვარს, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. მანამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ საპრეზიდენტი არჩევნები გაყალბდა და ჯო ბაიდენს არ გაუმარჯვია.
ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის დროს ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა. ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს კიდევ 3 ადამიანი ემსვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა.
დემონსტანტების შენობაში შეჭრის შემდეგ დედაქალაქის მერმა ლოკდაუნი გამოაცხადა. 47 ადამიანი სწორედ ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო დააპატიმრეს.
ნაციონალურმა გვარდიამ კაპიტოლიუმის შენობაში ორი ხელნაკეთი ბომბი გაანეიტრალა, რომელიც, მათი ცნობით, აფეთქების რისკს შეიცავდა.
კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა ამ დროისთვის უსაფრთხოა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოს თქმით, კონგრესში ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა გაფორმდეს ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება.
“ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის ანგარიშები 12 საათით დაბლოკა. გიგანტი სოციალური ქსელების განმარტებით, ამის მიზეზი ძალადობის წამახალისებელი განცხადებებია.
ტრამპმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას და მის მხარდამჭერებს არჩევნები მოპარეს.
შემდეგ მანვე დაწერა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა შეჭრა სწორედ “პატრიოტი ამერიკელებისთვის არჩევნების გაყალბების შედეგია.”
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.