577 497 ლარის ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოვავლინეთ – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფრომაციით, სარფის საბაჟო პუნქტზე 577 497 ლარის ღირებულების ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინეს – სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებში დამალვის გზით, საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 577 497 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  8 -დან 11-წლამდე ვადით.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.