6 ივლისს საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 2020 წლის 6 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ვიზიტით ეწვევა.

ის პირველი ოფიციალური პირია, ვინც პანდემიის დაწყების შემდეგ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტისას უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებთან.

დავით ზალკალიანი უნგრელ კოლეგას საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

უწყების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც ესტუმრება.