6 მაისიდან თბილისის ცენტრალური ქუჩები მოირეცხება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში 6 მაისიდან ცენტრალური ქუჩები მოიერეცხება.

“გვინდა, დავიწყოთ მთელი ქალაქის მასშტაბით ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები. ხუთშაბათიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ეს სამუშაოები დავიწყოთ და გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სისუფთავეს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქში სიმწვანეს, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ამ სამუშაოების წარმოება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოვლილი”. – ამბობს კახა კალაძე.

მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, “თბილსერვის ჯგუფს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტექნიკით დაეხმარება.

“მოგეხსენებათ, ტექნიკით სრულად არ არის ჩვენი სამსახურები აღჭურვილი. ამჟამად საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკას დავიხმართ, ხოლო მომავლისთვის დასუფთავების ტექნიკის შესაძენად ტენდერია გამოცხადებული და ყველაფერს შევიძენთ”, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, დასუფთავების სამუშაოები გამთენიას ჩატარდება, შესაძლოა კომენდანტის დროსაც, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ.