ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მათ კლინიკაში ექვსი კორონვირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, მათგან ყველა მოზარდია.
მისივე თქმით, რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოს ორი პაციენტი დაემატა და საერთო ჯამში, კლინიკას 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავს.
,,ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი და აქედან, 33 არის დადასტურებული შემთხვევა, ერთი კი შესაძლო შემთხვევაა, რომელსაც გამოკვლევას ვუტარებთ. ამ ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში ორი პაციენტი შემოიყვანეს. გუშინ ჩვენთან გამოჯანმრთელდა და გაეწერა ექვსი პაციენტი. საინტერესო არის ის, რომ ექვსი ახალი გამოჯანმრთელებულიდან ყველა მოზარდია და მათ კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვეს. ამ ეტაპზე ერთი არასრულწლოვანი დაგვრჩა, რომელიც ჩვენთან მკურნალობს“,-თქვა მარიან ეზუგბაიამ.
13 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით. ქვეყანაში ინფიცირებულია 647 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 372, ხოლო გარდაცვლილია 11.
კარანტინის რეჟიმშია 4 373 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386 პირი.