6 საათზე NGO-ების, მედიის, ოპოზიციის კონსულტაცია იქნება, შევაჯერებთ გეგმას – სამადაშვილი

18:00 საათზე NGO-ების, მედიის, ოპოზიციის კონსულტაცია იქნება, შევაჯერებთ გეგმას – ამის შესახებ, ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,ბიუროს სხდომის გადადება არ ნიშნავს, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია და მისივე თქმით, ხვალაც საჭიროა საზოგადოების აქტიურობა.

“დღეს პარლამენტის ბიურო ვერ შეიკრიბა და ვერ შეიტანეს დღის წესრიგში პლენარული სხდომის, რომელიც ხვალ გაიხსნება, რუსული კანონის განხილვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი საბოლოოდ ჩაშლილია, ხვალ 10:00 საათზე ისევ ეცდებიან, რომ შეკრიბონ ბიურო და დღის წესრიგში შეიტანონ რუსული კანონის განხილვა. ამიტომ, პირველი რაც მინდა მოგიწოდოთ, არის ის, რომ ხვალაც იქნება საჭირო აქტიურობა.

ჩვენ ვიქნებით აქ 10 საათზე, მაგრამ ასევე, ვისაც შეუძლია, მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ხვალ პარლამენტთან ქართველი ხალხის ხმა გაიგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში რუსული კანონის მიღება და ჩვენი ევროპული მომავლის წართმევა სურთ. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა ყველა ინიციატივაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწყებულ პროცესში იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წინააღმდეგობის მოძრაობა, ამიტომ დღეს 6 საათზე გაიმართება მნიშვნელოვანი კონსულტაციები არასამთავრობოების, მედიის, პოლიტიკური ოპოზიციის თანამონაწილეობით და ჩვენ ერთობლივად შევაჯერებთ სამოქმედო გეგმას”- ამბობს სამადაშვილი.