პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შარლ მიშელის შუამავლობით 6 საკითხზე შეთანხმდა, რომელზეც დიალოგი გაგრძელდება.
მისი თქმით, ოპოზიციის 4 მოთხოვნა, რომელიც აქამდე ჰქონდა, ძალაში რჩება. საუბარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაზე.
ჯაფარიძის განმარტებით, 4 მოთხოვნას შარლ მიშელის ინიციატივით კიდევ 2 დაემატა.
“პლუს, არის 2 პუნქტი დამატებული – ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და ერთი ეხება ძალაუფლების დანაწილებას, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ასევე მნიშვნელოვანი იყო”,– თქვა ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ.
მანვე აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ რომელიმე პუნქტზე არ ისაუბრებდა.