ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვას 6 წელი მიუსაჯეს, მან ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა

პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელს, რომელმაც ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა”,– წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.