6 წლამდე ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება – ვის შეეხება გამონაკლისი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირბადის ტარების წესი არ გავრცელდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ასევე სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

„ეს წესი არ შეეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ბუნებრივია, გავითვალისწინეთ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები. არ გავრცელდება, აგრეთვე, იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება. ყველაფერი ეს დეტალურად იქნება მითითებული მთავრობის დადგენილებაში. ასევე, არ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება სპეციალიზებულ დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის, შესაბამისი სამიზნე ჯგუფისთვის, კონკრეტული სოციალური სერვისის მიწოდებისას, კონკრეტული სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებისას, მაგალითად, ლოგოპედის მომსახურება,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.