ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი წყარო კი აშშ-ა.
„ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღეს გაუკეთდება მას სრული კვლევები, გაფართოებული სახით. კვლევების შედეგების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ახალი პაციენტი რისკ-ჯგუფში არ შედის, ვირუსით ინფიცირების დადასტურებამდე იგი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 39 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 პაციენტს მძიმე პნევმონია აღარ აღენიშნება, ხოლო 22-ს საშუალო სიმძიმის, რაც მართვადია. ასევე, 1 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუმცა მართვით სუნთქვაზე ჯერ არ გადაუყვანიათ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.