საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება მთლიანი ევროპარლამენტის პოზიციას არ წარმოადგენს.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის შვიდი ევროპარლამენტარის განცხადება და ევროპარლამენტის მთლიანი პოზიციას არ წარმოადგენს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფინანსურ სანქციებს ევროპარლამენტი არ აწესებს. ამაზე გადაწყვეტილებას ევროკომისია იღებს”,- აცხადებს მიქანაძე.
დეპუტატი დარწმუნებულია, განცხადება, რომელიც ევროპარლამენტის წევრებმა გააკეთეს, არ განხორციელდება.
მანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებას რადიკალური ოპოზიცია სიხარულით შეეგება.
„ეს ადასტურებს, რომ მათი დღის წესრიგია მოლაპარაკებები არ შედგეს და ფიქრობენ, რომ გარკვეული საერთაშორისო ინტერვენციებით რევოლუციურ სცენარს შეუწყობენ ხელს. ოპოზიცია ვიწროპარტიული ინტერესებიდან თუ გამოვა, ჩვენი სრული მზაობაა, მოლაპარაკებები გაგრძელდეს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ფართო ფორმატში. მაქსიმალურად მზად ვართ, განვიხილოთ კონსტრუქციული წინადადებები და მივაღწიოთ საბოლოო შეთანხმებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.