7 მისია და 3 განადგურებული ვერტმფრენი – როგორ ამარაგებდნენ აზოვსტალის მცველებს

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში მოყვა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ამარაგებდნენ აზოვსტალის მცველებს საბრძოლო მასალითა და საკვებით.

მისი ცნობით, მარიუპოლში დახმარება ჯამში 16-მა სამხედრო ვერტმფრენმა ჩაიტანა, რომელთაგან ოკუპანტებმა 2 გაანადგურეს. განადგურდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ერთ-ერთი ჩამოვარდნილი ეკიპაჟის დასახმარებლად მიფრინდა.

“თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალისტებმა 7 მისია დაგეგმეს.

ყოველ ჯერზე ვერტმფრენები წარმატებით აწვდიდნენ საჭირო მომარაგებას აზოვსტალის მცველებს, მაგრამ მეხუთე და მეშვიდე მისიების დროს ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი (უკანა გზაზე). ასევე განადგურდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელიც გაფრინდა ჩამოგდებული ორი ვერტმფრენიდან ერთ-ერთის ეკიპაჟის გადასარჩენად“,– თქვა მან The War Zone-სთან ინტერვიუში.

ბუდანოვის განმარტებით, აზოვსტალში ჯარისკაცებს აწვდიდნენ საკვებს, სასმელ წყალს, მედიკამენტებსა და საბრძოლო მასალებს.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მისიის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვსტალში აზოვის პოლკის 72 მებრძოლო ჩაიყვანა, რომელიც შემდეგ ქარხანაში იბრძოდა.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა უარი თქვა მსხვერპლთა რაოდენობის დასახელებაზე.

კირილ ბუდანოვმა შეაჯამა, რომ 7 წარმატებული მისიის მიუხედავად, გაწეული დახმარება არ იყო საკმარისი, რომ მებრძოლებს თავიდან აეცილებინათ რუსების მიერ ქარხნის აღება.