7 ნაბიჯი, როგორ გადავრჩეთ წულუკიანის პირობებში – თამაზ ახობაძე

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” წევრი თამარ ახობაძე ასახელებს 7 ნაბიჯის, “როგორ გადარჩნენ” საჯარო მოხელეები წულუკიანის დაქვემდებარებაში მუშაობისას.

“1. იყავით სუფთა საჯარო მოხელე – არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას/თხოვნას. სანამ კომფორტულად ხართ მმართველ ძალასთან, მანამდე ყველა უკანონობა შეიძლება შეგრჩეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სისტემა ამას იმახსოვრეს და როგორც კი განსხვავებულ აზრს გამოავლენთ, ყველაფერი შეიძლება თქვენს წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. ასე რომ, არასოდეს დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებას, თუნდაც ერთი შეხედვით ეს იყოს ძალიან მარტივი რამ. მაგალითად: “კარგი ბიჭია, მოდი ცოტა ხნით შტატგარეშე თანამშრომლად ავიყვანოთ და ვნახოთ”. არა! თუ კადრის დამატების საჭიროებაა, გამოცხადდეს ღია კონკურსი, მიიღოს მონაწილეობა და თუ საუკეთესო კანდიდატი იქნება, მაშინ დასაქმდეს.

2. შეაგროვეთ მტკიცებულებები – დასვით შეკითხვები ნებისმიერ უკანონო მითითებაზე, შეინახეთ მტკიცებულებები. თუ მეილით არის მოწერილი, გადაიგზავნეთ პირად მეილზე. თუ სიტყვიერად გითხრეს, ეცადეთ წერილობითი შეკითხვები დასვათ. მაგ: ჩემს შემთხვევაში ორგანიზაციის დირექტორი მეილებზე არ მპასუხობდა, ამიტომ ოფიციალური წერილებით მივმართე, იმ საკითხებზე, რომლებზეც პასუხი ძალიან გამომადგა სასამართლოში. შეიძლება არც იქ გიპასუხონ, მაგრამ ზოგჯერ პასუხის არგაცემა, უკვე პასუხია.

3. ნუ შეიქმნით ცრუ იმედებს – ეს მხოლოდ დაგაზიანებთ. ნუ გგონიათ, რომ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც გიღიმოდათ, თქვენს პოზიციაზე იქნება, დაგიცავთ, თქვენს გამო სამსახურს დაკარგავს. არა! უამრავი ახსნა აქვს ამას: ოჯახი ყავს სარჩენი, კარიერა უნდა განივითაროს, უბრალოდ მედროვეა. არ დახარჯოთ სიბრაზეზე ენერგია.

4. იპოვეთ კარგი ადვოკატი – თუ ვერ იპოვეთ, იყავით ეს თქვენ! ალბათ ყველაზე რთული შესასრულებელია, მაგრამ თუკი თქვენს ადვოკატს არ სჯერა თქვენი, ემოციურად არ არის თქვენთან, ასეთ საქმეს ვერ მიიყვანს ბოლომდე. გამოიყენეთ ყველა რესურსი, მათშორის თავად იმუშავეთ ადვოკატთან ერთად. ისწავლეთ. საშუალო ადვოკატს სჯობს, თქვენ თავად გაერკვეთ და ლიდერობა აიღოთ საქმის მიმდინარეობისას.

5. სასამართლოს ყოველი სხდომის წინ მოემზადეთ – მოსამართლეებს მოსწონთ მომზადებული მხარე. შეიძლება გეგონოთ, რომ უკვე მილიონჯერ გაიარეთ საქმე და ზეპირად იცით ყველაფერი. არა! გადახედეთ და მოემზადეთ ყოველი სხდომის წინ. სისტემას ხშირად ჰგონია, რომ ყველაფერი მათ ხელშია და მარტივად მოიგებენ სასამართლოს. სწორედ ეს აქციეთ თქვენს უპირატესობად.

6. სასამართლო საკმარისი არაა – თქვენ ინფორმაციულ ომში შეხვედით. გახადეთ თქვენი ბრძოლა რეზონანსული. სისტემას ყველაზე მეტად ინფორმაციული დარტყმები არ მოსწონს. გამოიყენეთ ყველა რესურსი,: მედია, პროფესიული ჯგუფები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საელჩოები. და არ დანებდეთ თუ მათგან მყისიერ რეაქციას არ ექნება ადგილი. გახსოვდეთ, თუ თქვენი ამბავი კულუარებში ტრიალებს, უკვე აწუხებთ სისტემას.

7. არ დაიღალოთ – გამოიზოგეთ ენერგია. გახსოვდეთ, პროცესი ხშირად ძალიან ხანგრძლივია. გამოიზოგეთ ფიზიკური და ფსიქიკური ენერგია. ჩემი პროცესი 5 წელი გაგრძელდა. სასამართლოს ყოველი ინსტანციის მოგება მიხაროდა, მაგრამ მახსოვდა, რომ სანამ გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა, მანამდე მომიწევდა ბრძოლა”,- წერს ახობაძე Facebook-ზე.

ცნობისთვის, 2014 წელს თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ის გათავისუფლებას ფეისბუქზე გამოთქმულ მოსაზრებებს უკავშირებდა, ამიტომ 5 წლის განმავლობაში სასამართლოში იდავა. მან განაცდურის ანაზღაურება და სამსახურში აღდგენა სასამართლოს სამივე ინსტანციაში ორჯერ მოიგო.