7 რუსული ბანკი, რომელსაც ევროკავშირი SWIFT-დან თიშავს

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, SWIFT-დან გათიშოს რუსეთის 7 ძირითადი ბანკი, მათ შორისაა — Bank Otkritie, Novikombank, Promsvyazbank, Bank Rossiya, Sovcombank, Vnesheconombank (VEB), VTB Bank.

“ევროკავშირი დღეს დათანხმდა, რომ SWIFT-ს სისტემიდან ძირითადი რუსული ბანკები გათიშოს. ეს ზომები ხელს შეუშლის ამ ბანკებს, განახორციელონ ფინანსური ტრანზაქციები მსოფლიოს გარშემო სწრაფად და ეფექტურად. დღევანდელი გადაწყვეტილება მჭიდროდ იყო კოორდინირებული ევროკავშირის საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორიცაა აშშ და ბრიტანეთი”, – ნათქვამია EU-ს განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირმა სინათლის სისწრაფით მიიღო მძიმე სანქციების სამი ტალღა რუსეთის ფინანსური სისტემის, მისი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისა და კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ.

“ეს არის ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი ჩვენი კავშირის ისტორიაში. დღევანდელი გადაწყვეტილება ძირითადი რუსული ბანკების SWIFT ქსელიდან გათიშვის შესახებ კიდევ ერთ ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის პუტინს და კრემლს”,– აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.