7.1-ბალიანი მიწისძვრა კალიფორნიაში – მეორე ძლიერი ბიძგი ორ დღეში

პარასკევს, 5 ივლისს კალიფორნიის შტატის სამხრეთში (აშშ) კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტების შეფასებით, ბოლო 25 წლის მანძილზე ეს შტატში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო. მისი სიმძლავრე 7.1 ბალს უტოლდებოდა.
იმავე რეგიონში, ქ. რიჯეკრესტის მახლობლად ერთი დღით ადრე, კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისმა სიმძლავრემ 6.4 ბალი შეადგინა.
5 ივლისის მიწისძვრის შედეგად, გაიბზარა შენობები, გზები. მილებიდან გაჟონილი გაზის გამო, ზოგან გაჩნდა ხანძარიც. არცერთი მიწისძვრის შემდეგ სერიოზული ნგრევა, ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
სპეციალისტები მოსახლეობას განმეორებით ბიძგებისთვის ამზადებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ განმეორებითი ბიძგები სულ ცოტა, რამდენიმე დღე, ან შესაძლოა, რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს.