7 თვის შემდეგ ომმა რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბურად ჩააღწია – 16 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 16 სექტემბრის მდგომარეობას აჯამებს:

“უკრაინულმა არმიამ მდინარე ოსკილი ხარკივის რაიონში გადალახა და არამხოლოდ კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილის შემოგარენი გაწმინდა, არამედ არმიის ნაწილი საზღვრის გასწვრივ დაიძრა ლუგანსკის რაიონისაკენ, ხოლო მეორე ნაწილი მდინარე ოსკილს დაუყვა სამხრეთით.

უკრაინის ტერიტორიაზე მდინარე ოსკილზე ათამდე სხვადასხვა გადასასვლელია, მაგრამ უმეტესი მათგანი ჩრდილოეთითაა, სადაც მდინარე ისედაც მეჩხერია, ხოლო კუპიანსკიდან სამხრეთით, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის შესართავამდე რამდენიმე ჰესია აშენებული, რაც წყლის მასას ძალიან ზრდის. სწორედ ამ მონაკვეთზე ცდილობენ რუსები პოზიციების გამაგრებას, ხოლო უკრაინელები მდინარის აღმოსავლეთ ნაწილში პლაცდარმის შექმნას. კუპიანსკის აღმოსავლეთით დაკავებული ტერიტორია კი სწორედ ამ პლაცდარმის შექმნას ემსახურება.

კუპიანსკიდან ბოვარამდე მდინარის გასწვრივ დაახლოებით ორმოცი კილომეტრია. ამ მონაკვეთში სულ სამი დიდი და ერთი მცირე გამტარუნარიანობის სამანქანო ხიდია. ამას ემატება სარკინიგზო ხიდებიც. სწორედ ამიტომაა, რომ მდინარის გასწვრივ ამ ნაწილში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ უკრაინელები შემტევი პლაცდარმის შექმნას და რუსების უკან დახევინებას. ჯერჯერობით უკრაინელებმა ხელშესახები შედეგი კუპიანსკის აღმოსავლეთით შექმნეს, რასაც ძალიან მაღალი მნიშვნელობა აქვს შემდგომი შეტევების წამოსაწყებად.

– დონეცკის რაიონში, სვიატოჰირსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკრაინელები ოსკილისაკენ (სოფელია ამავე სახელწოდების მდინარის გასწვრივ. სოფელი უკრაინელთა ხელშია, მდინარის დასავლეთ სანაპიროზე) ცდილობენ გაჭრას და მდინარის აღმოსავლეთით ჩარჩენილი რუსული დანაყოფების განეიტრალებას.

– დღეს უკრაინელმა პარტიზანებმა იაქტიურეს: თათბირზე ააფეთქეს ლუგანსკის გენერალური პროკურორი, რომელსაც ასობით ლუგანსკელი უკრაინის ლოიალისტი ჰყავდა დაკავებული და ნაწამები. ამასთან, ბერდიანსკში, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მოადგილე იქნა მოკლული სხვა კოლაბორაციონისტებთან ერთად.

– ხერსონის რაიონში, სამხედრო ადმინისტრაციის ოფისი დაიბომბა უკრაინული არტილერიის მიერ. ადმინისტრაციის უფროსი გადარჩა, მაგრამ ეს სიგნალი იყო ყველა კოლაბორაციონისტისათვის, რომ ან სახელმწიფო ან წინააღმდეგობის მოძრაობა ყველა დამნაშავეს აგებინებს პასუხს.

– ხერსონის რაიონში შეტაკებები გრძელდება. როგორც ირკვევა უკრაინელებს ჯერ კიდევ არ აქვთ სანაპირო სოფელი ოლექსანდრივკა გათავისუფლებული. არადა დაახლოებით ოთხ სხვადასხვა ეპიზოდში ითქვა მასზე კონტროლის დაბრუნების შესახებ, მაგრამ დასახლებაში ბრძოლა გრძელდება. რეალურად, სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილია ოლექსანდრივკა რის გამოც უკრაინელები მისი სრული გათავისუფლებისათვის ხანგრძლივი დროა მცდელობას არ აკლებენ. სოფელზე და მის შემოგარენში რუსული თავდაცვის ზღუდეებია მოწყობილი.

– რუსეთში, ბელგოროდის რაიონში ყოველდღიურად ცვივა რაკეტები. პრაქტიკულად, რუსები ხუმრობენ კიდეც რომ ბელგოროდის რაიონი საბრძოლო მოქმედების არეალადაა გადაქცეული და ომიდან 7 თვის შემდეგ ომმა რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბურად ჩააღწია.

– დაჭრილ და დაშავებულ უკრაინელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მკურნალობენ, რაც არამხოლოდ მაღალ უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული, არამედ მაღალ ხარისხთანაც. შედარება რომ გავაკეთოთ, დაჭრილ რუსებს ლუგანსკის საავადმყოფოში მკურნალობენ, სადაც არც საკმარისი მედიკამენტია და არც საკმარისი პროფესიონალი.

– იზიუმში სამარხების გახსნა გრძელდება. ასობით ნაწამები სხეულია აღმოჩენილი და ამოყვანილი. ზოგიერთი მათგანი სულ ახლახანაა მოკლული. ის, რაც რუსეთმა ჩაიდინა გენოციდია და ამაზე პასუხი იმათაც უნდა აგონ, ვინც ახლაც რუსეთის ამ ქმედებას ემხრობა. შეიძლება არ არსებობს კოლექტიური დანაშაული, მაგრამ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა. გენოციდის მომწყობი ძალის მხარდაჭერა კი დანაშაულის მხარდაჭერაა და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ უნდა გაექცეს ვერავინ.
———————–
ნუ დაგვავიწყდება: დღეს 16 სექტემბერია. 1993 წლის 16 სექტემბერს რუსებმა და რუსების მიერ შექმნილმა სეპარატიზმის დროშას ამოფარებულმა ბანდებმა ქართული ქალაქი სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე საარტილერიო და საავიაციო იერიშები დაიწყეს, მოკლეს ასობით ქალი და ბავშვი და ყველა სამშვიდობო ინიციატივას დაუკარგეს შანსი. რადგან უკრაინაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინელები УНА-УНСО-ს დროში ქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდნენ აფხაზეთში.” – აცხადებს გიორგი კობერიძე.