7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ – ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელად იქნა დატოვებული.
“პატიმრობის გაუქმების შესახებ განჩინება მომივიდა. ყველა ვარიანტში უნდა გაეუქმებინათ აღკვეთის ღონისძიება, რადგან ფორმალურად ამის აღარანაირი საფუძველი არ იყო. ამისთვის ალბათ ახლა ტაშს და მადლობას ითხოვენ. პატიმრობა იყო ფორმალური საფუძველი ტელეფონის უფლების შეზღუდვაზე. ახლა დარწმუნებული იყავით, ციხეში ტელეფონს გააფუჭებენ”,– თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე.