72 100 მოქალაქეს 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა

სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს” ინფორმაციით, უკვე დაიწყეს თვითდასაქმებულთა და შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეთათვის კომპენსაციების ეტაპობრივი გადარიცხვა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

“გადარიცხვები მიმდინარეობს ეტაპობრივად, ერთბაშად ვერ მოხდება გადარიცხვა. 28-29 მაისს გადაირიცხა ეტაპობრივად და ეტაპობრივად აისახა ბენეფიციარების ანგარიშზე. გადარიცხვები გაგრძელდება მომდევნო კვირაში, ორშაბათიდან დაიწყება. 29 მაისის მდგომარეობით, სისტემაში ჯამში დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან 51 100 ადამიანს უკვე გადაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 15 375 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის შეადგენს 72 100 ადამიანს, მათზეც მოხდა კიმპენსაციების ჩარიცხვა, 14 435 000 ლარის ოდენობით. მაისში მათ აპრილის კომპენსაცია ჩაერიცხათ. ზოგადად, რეგისტრაციიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს გადარიცხვების განხორციელება. თუ ადამიანი დარეგისტრირდა 15 მაისს, 10 სამუშაო დღეში მის ანგარიშზე უნდა აისახოს შესაბამისი თანხა. დასაქმებულებს სიების დასაზუსტებლად ვადა 30 მაისამდე აქვთ. დაზუსტებულ სიაში მოხვედრილ ადამიანებზე კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება 10 ივნისამდე”, – აცხადებს სააგენტოს დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ველთაური.