დაკარგული პაროლი: პროგრამისტს 240 მილიონი დოლარიან ბიტკოინ საფულეში შესაღწევად სულ ორი ცდა დარჩა

ალბათ გეცნობათ სიტუაცია – ჯდებით კომპიუტერთან და ცდილობთ გაიხსენოთ პაროლი, თუმცა ყოველ ჯერზე არასწორი პაროლი შეგყავთ.

ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა პროგრამისტი სტეფან ტომას, წარმოშობით გერმანელი, რომელიც სან ფრანცისკოში ცხოვრობს. მას ათიდან რვა მცდელობა უკვე გამოყენებული აქვს და სულ ორი მცდელობა დარჩა, რომ გამოიცნოს ელექტრონული საფულის პაროლი, სადაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები ინახება.

ტომასმა გაზეთ ნიუ იორკ თაიმსს უთხრა, რომ ახლა მას რჩევებს მთელი ინტერნეტი აძლევს. ფეისბუქის უსაფრთხოების ყოფილმა დირექტორმა, ალექს სტეიმოსმა საკუთარი დახმარება თანხის 10%–ად შესთავაზა.

ბიტკოინი ერთი თვის წინ 20 ათას დოლარამდე გაძვირდა, შემდეგ კი 42 000 დოლარამდე, შემდეგ კი თითქმის 32 ათას დოლარამდე გაიაფდა. ზოგიერთი ინვესტორი შემდგომ ვარდნას ელის– დაახლოებით 20 ათას დოლარამდე, შემდეგ კი ზრდის ახალ ტალღას.

ექვსი წლის წინ ტომასს შესრულებული სამუშაოსთვის – კერძოდ კი კრიპტოვალუტების მუშაობის პრინციპების განმარტებებისთვის შექმნილი ვიდეოსთვის თანხა ბიტკოინებში გადაუხადეს.

მაშინ ერთი ბიტკოინის ფასი რამდენიმე დოლარს არ აღემატებოდა.

ტომასმა თანხა ელექტრონულ საფულეში მიიღო, რომელიც გარე მყარ დისკზე  IronKey–ზე  ინახებოდა . ამ დისკზე არსებულ მონაცემებთან წვდომისთვის კი პაროლი აუცილებელია. ტომასმა პაროლი ქაღალდის ფურცელზე დაწერა,  რომელიც დაკარგა.

პაროლის შეყვანის მეათე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საფულე სამუდამოდ დაიბლოკება.

“ბიტკოინების საფულეში გამოკეტილი 220 მილიონი დოლარის გამოსახსნელად 10–ჯერ პაროლის გამოცნობა კი არ უნდა სცადო, დისკი პროფესიონალებთან უნდა წაიღო, რომლებიც 20 ასეთივე IronKey–ს იყიდიან და ნახევარი წლის მანძილზე შეღწევის ალტერნატიულ არხს იპოვნიან, ან გახსნიან მას“– დაუწერა ტომასს ალექს სტეიმოსმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტ ობსერვატორიაში მუშაობს.

“ყველაფერს გაგიკეთებთ თანხის 10%–ად. დამირეკეთ“– დასძინა უსაფრთხოების ექსპერტმა.

ტომასი პირველი პოტენციური ბიტკოინ მილიარდერი არ არის, რომელმაც საფულეზე წვდომა დაკარგა.

კრიპტოანალიტიკურ კომპანია Chainanalysis–ში ამბობენ, რომ    დღეისათვის საფულეებში, რომლებზეც წვდომა აღარ არსებობს დაახლოებით 140 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები დევს.

დაკარგული კრიპტოსაფულეებიდან თანხების ამოღების მოთხოვნით შესაბამის სერვისებში დღეში რამდენიმე მოთხოვნა შედის იმ ადამიანებისგან, ვინც პაროლი დაკარგა.

ნიუ იორკ თაიმსის სტატიაში ასევე მოხსენიებულია მეწარმე, რომელმაც 800 ბიტკოინთან წვდომა დაკარგა მას შემდეგ, რაც მისმა კოლეგამ ნოუთბუქი გადააფორმატა.

2013 წელს მედია წერდა უელსელი კაცის შესახებ, რომელიც ნაგავსაყრელზე გადაგდებულ მყარ დისკს ეძებდა 7500 ბიტკოინით. მაშინ ეს თანხა დაახლოებით 4 მილიონ ფუნტად ფასდებოდა. ახლა კი 250 მილიონი ფუნტია.