79 წლის კაცი და 80 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ – რატიანი

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, 80 წლის ქალი  და 79 წლის კაცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.

მისი თქმით, ქალი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ, კაცი კი კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს.

,,18 დღის წინ შევიდა კლინიკაში და იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. იყო ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, გულის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე დაზიანების სინდრომი. ეს ქალბატონი მოიხსნა აპარატიდან. აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული. რაც შეეხება 79 წლის ბატონს, ამ შემთხვევაშიც შემოსვლისთანავე დაფიქსირებული იყო ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ორჯერადად მიღებული გვაქვს უარყოფითი პასუხი და პაციენტი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”,- თქვა რატიანმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.