8-დღიანი საკარანტინო ვადა შემოსულებს ეხებათ და არა ინფიცირებულთა კონტაქტებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულების კონტაქტები.

მისი განმარტებით, შემოსულებს მე-8, ხოლო კონტაქტებს მე-12 დღეს  ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ისინი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან.

„12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ეს არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც დადგენილია და ეკუთვნის თვითიზოლაცია, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ჩამოიწია 8 დღემდე.

მე-8 დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი 21 ლაბორატორიისა და დაახლოებით, 40-მდე ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ მე-12 დღესაც უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ა.შ.“, – თქვა გამყრელიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 8 და 12 დღის შემდეგ სასურველია, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის.

მისივე თქმით, აღნიშნული 8-დღიანი საკარანტინო ვადის ამოქმედება 15 სექტემბერს მოხდება.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში შემოსულ ყველა იმ პირს, ვისაც 15 სექტემბრისთვის 8-დღიანი საკარანტინო ვადა უსრულდება, ეს რეგულაცია შეეხება.