8 თებერვლიდან თბილისში ავტობუსების 2 მარშრუტი შეიცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვლიდან ავტობუსის N301 მარშრუტსა და N51 მარშრუტში ცვლილებები იქნება.

“N301 მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე. თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით. ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით.

ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. შესაბამისად, აღნიშნული ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება”,– აცხადებს მერია.

რაც შეეხება  N51 ავტობუსს, ის ხვალიდან გადაადგილდება შემდეგნაირად – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით. მერიის ცნობით, თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში იმოძრავებს, კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.